საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესახებ

20 მარტი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალურ შევიწროვების ყველანაირ გამოვლინებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტების დროულ შესწავლასა და მათზე ადექვატურ რეაგირებას.

ადვოკატებმა, როგორც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე მყოფმა პროფესიონალებმა, უნდა  გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მგრძნობელობა ძალადობის, სექსუალური შევიწროვებისა და ზოგადად ქალთა უფლებების საკითხების მიმართ. უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შეზღუდულია.

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მეტად კომპლექსური ხასიათისაა, მაგრამ იურიდიულმა პროფესიამ, გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომლის გამოც ქალები უარს ამბობენ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართონ ადვოკატებსა და მართლმსაჯულებას.

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი მართალია დაუშვებლად მიიჩნევს სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას თუმცა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული ნორმის საფუძველზე არ აძლევს მსხვერპლს მოძალადის მიმართ სასამართლო დავის წამოწყების შესაძლებლობას ქმედების აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ხარვეზი უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქალთა დაცვას ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან, არამედ, ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური სტანდარტის განხორციელებას ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი